ვლადიმერ პუტინი - ჩვენ აუცილებლად მივალთ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის დამკვეთამდე, ვინც ბრძანება გასცა
რუსეთი „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის დამკვეთებამდე მივა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ახლა თქვენ, სხვა დეპარტამენტების კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებთ 22 მარტს განხორციელებული სისხლიანი ტერაქტის გამოძიებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ არა მხოლოდ უშუალო დამნაშავეები, არამედ ჯაჭვის ყველა რგოლი და მივიდეთ საბოლოო დამნაშავემდე. ჩვენ აუცილებლად მივალთ დამკვეთამდე, ვინც ამის ბრძანება გასცა“, – მიმართა პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხდომის მონაწილეებს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთში უკვე გააცნობიერეს, რომ შეცდნენ, როცა ფიქრობდნენ, რომ რუსეთი „სუსტი რგოლი“ იყო.
მოსკოვის შემოგარენში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითიზე“ თავდასხმა 22 მარტს განხორციელდა. სროლისა და ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 144 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.