რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ჰან ჩჟენს შეხვდა.
მოლაპარაკებები ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა, რომელზეც ჩინეთის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.
როგორც შეხვედრის დაწყებისას პუტინმა განაცხადა, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა.
„ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა უპრეცედენტოდ მაღალ დონეს მიაღწია. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონთაშორის თანამშრომლობასაც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მომავალ თვეში ყაზანში, BRICS-ის სამიტზე ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ელოდებიან.
თავის მხრივ, ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა წელს გამართულ შეხვედრებზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიეს.
„მიმდინარე წლის დასაწყისიდან თქვენ და პრეზიდენტი სი ძინპინი უკვე ორჯერ შეხვდით ერთმანეთს და მიაღწიეთ რიგ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებმაც განსაზღვრა ორიენტირები 75-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ახალ ისტორიულ სტარტზე ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩინეთი მზად არის, რუს პარტნიორებთან სრულფასოვნად, კეთილსინდისიერად განახორციელოს ორი ლიდერის მნიშვნელოვანი შეთანხმებები, ხელი შეუწყოს ჩვენი თანამშრომლობის დონის მუდმივ ზრდას“, – განაცხადა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა, რომლის განცხადების თარგმანსაც კრემლი ავრცელებს.