ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ძალაუფლება პრეზიდენტობის შემდეგაც შეინარჩუნოს - რას წერს დასავლური მედია ვლადიმერ პუტინის გეგმებზე
დასავლური მედია ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ცვლილებებს 2024 წლის შემდგომი პერიოდისთვის მზადებად აფასებს.
„ბატონ პუტინს საერთოდ არ მოუფენია ნათელი თავისი გეგმებისთვის, თუმცა სანაცვლოდ მან შესაძლო ვარიანტების პანდორას ყუთი გახსნა. შექმნილი გაურკვევლობა პოლიტიკური ელიტის ბალანსს არღვევს და პუტინი რჩება ღერძად, რომლის გარშემოც მთელი ქვეყანა ტრიალებს“, – წერს გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“.
ერთ-ერთი სცენარი, რომლის განხორციელებასაც სტატიის ავტორი რუსეთში არ გამორიცხავს, ყაზახეთის მსგავსი სისტემის შექმნაა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში გასულ წელს ნურსულთან ნაზარბაევმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, თუმცა დარჩა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ და „ხალხის ლიდერის“ ახალი ტიტული მოირგო.
როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, არაერთი ცნობის თანახმად, თავდაპირველად ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გაერთიანებული რუსეთისა და ბელარუსის ლიდერის ახალ, უმაღლეს პოსტს დაიკავებდა. თუმცა, ორი ქვეყნის გაერთიანებისკენ ნაბიჯებს, რომელთა ინიციატორი ჯერ კიდევ ყოფილი პრეზიდენტი ელცინი იყო, ბელარუსის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. გამოცემის თანახმად, დასტურად, რომ საბოლოოდ პუტინი მთლიანად დამოკიდებულია მოსახლეობის მხარდაჭერაზე, მოულოდნელი პოლიტიკური გეგმების გამოცხადებამდე მან ფედერალური კრებისადმი მიმართვისას ელექტორატს სოციალური დაპირებები მისცა – უფასო სადილი სკოლებში, ფინანსური დახმარება დედებისთვის და სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული სხვა ზომები.
გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ კი, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინი ძალაუფლების გადაბარებას არ აპირებს.
„პუტინი ფიქრობს, რომ მის გარეშე ყველაფერი ჩამოიშლება. ზეწოლის გარეშე ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები არ მოხდება. მოსახლეობის უმრავლესობას ეს არ ადარდებს. რევოლუციები ხდება მაშინ, როდესაც არ არის პური და მაღაზიების დახლები ცარიელია“, – ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი ანონიმური წყარო.
„ბიბისისთან“ საუბარში რუსეთში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ტონი ბრენტონი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა დაიწყო თავისი პრობლემის მოგვარება, რომელიც 2024 წლის შემდგომ პერიოდს ეხება. ყოფილი დიპლომატი აღნიშნავს, რომ პუტინის გეგმები არის მცდელობა, დაიცავს საკუთარი პოლიტიკური მომავალი 2024 წლის შემდეგ.
„რა თქმა უნდა, პუტინს აქვს პრობლემები, ეკონომიკურმა ზომებმა მნიშვნელოვნად დააზარალა მისი მთავრობის პოპულარობა. მას პირადი პრობლემაც აქვს, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, თუ რა იქნება 2024 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება. ვფიქრობ, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, აჩვენებს, რომ პუტინმა ამ პრობლემების მოგვარება დაიწყო. მისი განცხადებები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ნაწილს პარლამენტსა და სახელმწიფო საბჭოს გადასცემს. დარწმუნებული ვარ, პუტინს საკუთარი თავისთვის უნდა როლი, რომელიც მას საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე კონტროლს მისცემს, რადგან მისი ერთ-ერთი მცდელობა, შექმნას მოკავშირე სახელმწიფო ბელარუსთან, როგორც ბოლო კვირებმა აჩვენა, წარუმატებელია“, – აღნიშნავს ბრენტონი, რომელიც რუსეთში ბრიტანეთის ელჩად 2004-2008 წლებში მუშაობდა.
გამოცემა „ლე მონდთან“ ვებგვერდ „ინსაიდერის“ მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვი ამბობს, რომ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება პრემიერ-მინისტრად, თუ სახელმწიფო საბჭოს ჩაუდგება სათავეში. თუმცა, ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მას ორივე შესაძლებლობას აძლევს.
„აქამდე ნაკლებად ცნობილი ორგანოს – სახელმწიფო საბჭოს გაძლიერების გამოცხადება ყურადღებას იქცევს და გვახსენებს ყაზახეთში ნურსულთან ნაზარბაევის მიერ არჩეულ სცენარს. ნაზარბაევი 2019 წელს პრეზიდენტის პოსტიდან წავიდა, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტით ცენტრალური როლი შეინარჩუნა“, – წერს ფრანგული გამოცემა.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული გეგმა 2024 წლის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფართოდ განიხილება, როგორც 2024 წლისთვის ნიადაგის მზადება, როდესაც პუტინი, რომელიც ახლა 67 წლისაა, იძულებული იქნება, დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა“, – წერს სააგენტო.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, პუტინს ინიციატივები მისცემს შესაძლებლობას, 2024 წლის შემდეგ, როგორც პრემიერ-მინისტრმა, გააძლიეროს ან მოირგოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ახალი როლი. მედიასაშუალება არ გამორიცხავს იმასაც, რომ ვლადიმერ პუტინი მომავალში გაძლიერებული პარლამენტის სპიკერი გახდეს.