ვლადიმერ პუტინი „ბრიკსის“ სამიტზე არ ჩავა, მის ნაცვლად, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგში დაგეგმილ „ბრიკსის“ სამიტზე არ ჩავა. მის ნაცვლად, რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა.
რამაფოსას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინი სამიტს, საერთო და შეთანხმებული გადაწყვეტილებით, არ დაესწრება.
მანამდე საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ქვეყნისთვის უფლება მიეცათ, იოჰანესბურგში ჩასვლის შემთხვევაში პუტინი არ დაეპატიმრებინათ, რადგანც ეს ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანაა. როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი აქვს გაცემული და, შესაბამისად, პუტინის სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას მისი დაპატიმრება მოუწევდა.
ამასთან, კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთს არ უთქვამს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის, რომ პუტინის დაკავება ომის გამოცხადება იქნებოდა, თუმცა, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, უთქმელადაც მიხვდა ყველა, რისი ნიშანი იქნებოდა პუტინის დაპატიმრება.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა „ბრიკსის“ სამიტს, რომლის წევრებიც ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა არიან, აგვისტოში უმასპინძლებს.