ვლადიმერ პუტინი - ბატონმა არახამიამ თქვა, წლინახევრის წინ შეგვეძლო, შეგვეჩერებინა ეს ომი, მაგრამ ბრიტანელებმა დაგვარწმუნეს და ამაზე უარი ვთქვითო, სად არის ახლა მისტერ ბორის ჯონსონი?
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ, თუმცა მოგვიანებით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის აზრის გათვალისწინებით, უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინასთან სტამბოლში მოვილაპარაკეთ, შევთანხმდით. მან იცოდა ამის შესახებ. მეტიც, მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი არახამია, მგონი, ესაა მისი გვარი, ის დღესაც ხელმძღვანელობს მმართველი პარტიის ფრაქციას, პრეზიდენტის პარტიას რადაში. მან წინასწარაც მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, რომელზეც გესაუბრებით, მაგრამ შემდეგ მან საჯაროდ განუცხადა მთელ მსოფლიოს: „ჩვენ მზად ვიყავით, ხელი მოგვწერა ამ დოკუმენტისთვის, მაგრამ ბატონი ჯონსონი, მაშინდელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მოვიდა, გადაგვაფიქრებინა და გვითხრა, რომ რუსეთთან ბრძოლა ჯობია. ყველაფერს მოგვცემენ, რომ რუსეთთან შეტაკების დროს დაკარგული დავიბრუნოთ. ჩვენ დავთანხმდით ამ წინადადებას“. ნახეთ, მისი განცხადება გამოქვეყნებულია. მან ეს საჯაროდ განაცხადა“, – განაცხადა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან საუბრისას.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამის შემდეგ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ. ვლადიმერ პუტინმა დასძინა, რომ რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე.
„ისინი დაემორჩილნენ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ჯონსონის მოთხოვნებსა თუ გადარწმუნებას. მეჩვენება, რომ ეს არის აბსურდული და ძალიან სამწუხარო, რადგან, როგორც ბატონმა არახამიამ თქვა, „წლინახევრის წინ შეგვეძლო, შეგვეჩერებინა ეს საომარი მოქმედებები, შეგვეჩერებინა ეს ომი, მაგრამ ბრიტანელებმა დაგვარწმუნეს და ჩვენ ამაზე უარი ვთქვით“. სად არის ახლა მისტერ ჯონსონი? და ომი გრძელდება”, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.