ვლადიმერ პუტინი აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების მორიგ გაცვლას არ გამორიცხავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-სა და რუსეთს შორის სხვა პატიმრების გაცვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პუტინმა ყირგიზეთის დედაქალაქში, ბიშკეკში განაცხადა, სადაც უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობს.
„კონტაქტები გრძელდება და სპეცსამსახურების ხაზით არც არასდროს შეწყვეტილა. შესაძლებელია თუ არა სხვა გაცვლა? კი, ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის მოლაპარაკებებისა და კომპრომისების ძიების შედეგი“, – განაცხადა პუტინმა.
ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ-მა რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გადასცა. რუსეთის პატიმრობაში რჩება ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ზაფხულში აშშ-ის ხელისუფლება განიხილავდა ვიქტორ ბუტის ბრიტნი გრინერსა და პოლ უილანზე გაცვლის შესაძლებლობას.