ვლადიმერ პუტინი - აშშ-ის გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება ჯამალ ხაშოგის ბედზე, რადგან ის ამერიკაში ცხოვრობდა
აშშ-ის გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება გაუჩინარებული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის ბედზე, რადგან ის ამერიკაში ცხოვრობდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარებული ჟურნალისტის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჟურნალისტი, რომელიც გაუჩინარდა, ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსეთში ხომ არა, არამედ აშშ-ში და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აშშ-ს ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მას შეემთხვა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ერთიანი მიდგომა ჰქონდეს ისეთ ინციდენტებზე რეაგირებისას, როგორიცაა სკრიპალების საქმე და საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარება.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის მოკლეს, სხეული კი დაანაწევრეს.