ვლადიმერ პუტინი - არსებობს შეთანხმება „უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, კიევის ხელისუფლებამ ამ ყველაფერს ისტორიის სანაგვეზე გადაუძახა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აფრიკის დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პუტინმა აფრიკელ ლიდერებთან ერთად განიხილა სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა და მარცვლეულის შეთანხმება.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის ღია დიალოგისთვის ყველასთან, ვისაც მშვიდობის დამყარება სურს მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით. პუტინმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მოსკოვს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, კიევისგან განსხვავებით.
„სად არის გარანტია, რომ უკრაინელები უარს არ იტყვიან შეთანხმებაზე, მაგრამ ამ პირობებშიც კი, ჩვენ უარი არ ვთქვით მოლაპარაკებებზე. არა ჩვენ, არამედ უკრაინის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებებს არ აპირებდა,“ – განაცხადა პუტინმა.
რუსული მედიის ცნობით, პუტინმა აფრიკელ კოლეგებს წარუდგინა უკრაინის შესახებ სტამბულის ხელშეკრულება, რომელიც გასულ გაზაფხულში დაიდო.
„აი, ის არსებობს, ასე ჰქვია – შეთანხმება „უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, ასევე ის ეხება შეიარაღებულ ძალებს. ყველაფერი გაწერილია სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის დანაყოფებზე.
კიევის ხელისუფლებამ, როგორც მას სჩვევია, ამ ყველაფერს ისტორიის სანაგვეზე გადაუძახა“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ და აშშ-მა კვლავ მოატყუეს მსოფლიო და აფრიკის ქვეყნები. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის პორტებიდან 31,7 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციაა ექსპორტირებული.
„976 ათასი ტონა გაიგზავნა აფრიკაში, 13,3 მილიონი ტონა ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო 11 პროცენტი თურქეთმა მიიღო, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებში გაიგზავნა“, – აღნიშნა პუტინმა.