ვლადიმერ პუტინი არჩევნებში თავის კონკურენტებს შეხვდა და მათ პარლამენტში ერთობლივი მუშაობა შესთავაზა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატებს, ვლადისლავ დავანკოვს, ნიკოლაი ხარიტონოვსა და ლეონიდ სლუცკის შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა მათ პარლამენტში ერთობლივი მუშაობის გაგრძელება შესთავაზა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აქტიური, ერთობლივი მუშაობა ქვეყნის პარლამენტში, ერთობლივი მუშაობა იმ იდეების პოპულარიზაციისთვის, რომელთა განხორციელება საშუალებას მოგვცემს, მივუახლოვდეთ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა მან.
როგორც პუტინმა განმარტა, რუსეთის მოქალაქეებმა თავად უთხრეს კანდიდატებს, რასაც ელოდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობისგან.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა იმ მიზნის მიღწევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას. პუტინმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია ცივილიზებულად და კანონის სრული დაცვით ჩატარდა.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ასეთი კონსტრუქციული მიდგომის შენარჩუნებას პარლამენტში, ფედერაციის საბჭოში, სადაც მუშაობენ რუსეთის რეგიონების წარმომადგენლები, მომავალში განვითარების მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.