ვლადიმერ პუტინი - არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევა, ჩვენ ეს მხედველობაში უნდა გვქონდეს
არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რასია-24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს ეს გარემოება მხედველობაში უნდა ჰქონდეს.
„რაც შეეხება ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების შეთავაზების საკითხს ან ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების გეგმებს, მე ვხედავ ჩვენი მიმომხილველების კომენტარებს, ვხედავ ჩვენი მასმედიის, ჩვენი პოლიტიკოსების რეაქციებს. ყველა ცოტათი დასცინის ზელენსკის და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ყბედობაა, აქ არაფერი იქნება და ა.შ. მე სხვა აზრი მაქვს. შესაძლოა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების გეგმა განიხილება. არაერთხელ მომისმენია, რომ ნატო ღია ორგანიზაციაა და ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს, როგორ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქედან? არსებობს ფორმალური შეზღუდვები, მაგრამ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევა. ჩვენ არ ვიცით, რაზე მიდის მოლაპარაკებები. ჩვენ ეს მხედველობაში უნდა გვქონდეს“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ამერიკელი პარტნიორები აცხადებენ, რომ უკრაინასა და მის ლიდერებს არაფერს დაპირებიან, თუმცა „უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გეგმა განიხილება, ყოველ შემთხვევაში უარს არავინ ამბობს“.
„უკრაინა ნატო-ს წევრი თუ გახდება და ალიანსი იქ რაკეტებს განათავსებს, მოსკოვამდე მანძილის დასაფარად მათ 7-10 წუთი დასჭირდებათ“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ახლა, როდესაც გამშვები პუნქტები პოლონეთსა და რუმინეთშია განთავსებული, ცენტრალურ რუსეთამდე რაკეტებს მანძილის დასაფარად მხოლოდ 15 წუთი სჭირდებათ.
პუტინმა შედარებისთვის რაკეტების მექსიკაში ან კანადის სამხრეთ საზღვარზე განთავსების ვარიანტი მოიყვანა, რომელთა ვაშინგტონამდე მიღწევას ანალოგიური დრო დასჭირდებოდა.