ვლადიმერ პუტინი - ამერიკელი სამხედროების სირიიდან გაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ-ის სამხედროების სირიიდან გაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა თავის კოლეგა თურქეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პუტინმა ასევე ყურადღება გაამახვილა იდლიბის პროვინციაში შექმნილ მდგომარეობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი ანკარასთან ერთად სიტუაციის სტაბილიზაციას შეეცდება.
მანამდე რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იდლიბის პროვინციას ექსტრემისტული დაჯგუფება „ნუსრას ფრონტი“ აკონტროლებს. თავის მხრივ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა რუსეთთან ერთად ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ აშშ-ის სამხედროების სირიიდან გასვლის შემდეგ არ დარჩეს ვაკუუმი, რომლითაც ტერორისტული ჯგუფები ისარგებლებენ.
„ისლამური სახელმწიფოს“ გარდა ერდოღანმა ტერორისტებად მოიხსენია სირიელი ქურთები.
შეხვედრის ბოლოს პუტინი და ერდოღანი სირიის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. უახლოეს მომავალში გაიმართება სამმხრივი სამიტი, რომელსაც თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერები დაესწრებიან.