ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში ტანკების გაგზავნაზე საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილება შეცდომა იყო
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილება შეცდომა იყო. ამასთან, პუტინის თქმით, ამჟამად დასავლეთი იმავე შეცდომას იმეორებს. ამის შესახებ პუტინმა, ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ დიდი ხნის წინ ვაღიარეთ, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკის ეს ნაწილი შეცდომა იყო და მხოლოდ ურთიერთობების დაძაბვას იწვევდა. არ შეიძლება არაფრის გაკეთება საგარეო პოლიტიკის სფეროში, რაც აშკარად ეწინააღმდეგება სხვა ხალხების ინტერესებს. სულ ეს არის. თუმცა იმავე შეცდომას უშვებენ დასავლეთის წამყვანი ქვეყნები და პირველ რიგში, აშშ. ისინი ზეწოლას ახდენენ მოკავშირეებსა და ე.წ. პარტნიორებზე. აშშ-ს არ ჰყავს მეგობრები, მათ აქვთ მხოლოდ საკუთარი ინტერესები. ეს გახლავთ ცნობილი ბრიტანული ფორმულის გაგრძელება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.