ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნანობს, რუსეთმა უკრაინაში აქტიური მოქმედებები უფრო ადრე რომ არ დაიწყო
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნანობს, რუსეთმა უკრაინაში აქტიური მოქმედებები უფრო ადრე რომ არ დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რასია 1“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვინანოთ, არის ის, რომ უფრო ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე გვქონდა წესიერ ადამიანებთან“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, დაასრულოს ომი უკრაინაში.
„ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს ვცადეთ მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს“, – აღნიშნა პუტინმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არის უკეთესი რუსეთისთვის აშშ-ის შესაძლო ლიდერებს შორის – ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი, პუტინმა უპასუხა, რომ ბაიდენი, რადგან ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია.
„ბაიდენი. ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია. ის არის ძლიერი პოლიტიკოსი“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას არ აქვს უფლება, კომენტარი გააკეთოს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან ის ექიმი არ არის.
„მე არ ვარ ექიმი. და არ მიმაჩნია, რომ უფლება მაქვს, ამ საკითხზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. ჩვენ არ უნდა შევხედოთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ უნდა შევხედოთ პოლიტიკურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია. ამის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენს ერთ დროს ვუთხარი კიდეც“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი და თუ ისინი ფიქრობენ, რომ არ სჭირდებათ, ეს მათი გადასაწყვეტია.
„ვფიქრობ, რომ ნატო საერთოდ არაფერ შუაშია, აზრი არ აქვს. აზრი მხოლოდ ერთია – ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. მაგრამ თუ აშშ მიიჩნევს, რომ მას ეს ინსტრუმენტი არ სჭირდება, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება. აშშ და ევროპა თავად უნდა გაუმკლავდნენ თავდაცვის ხარჯებს“, – აღნიშნა პუტინმა.