ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ინტერვენციამ დონბასში რუსეთის შეტევა ვერ შეაკავა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ძალების ინტერვენციამ დონბასში რუსეთის შეტევა ვერ შეაკავა. ამის შესახებ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, მოწინააღმდეგის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის იძულება, აფორიაქება, ჯარების ერთი მონაკვეთიდან მეორეზე გადასროლა საკვანძო მიმართულებით არმიის შეჩერების მიზნით, უპირველესად კი – დონბასში. პუტინის მტკიცებით, მოწინააღმდეგეს ეს არ გამოუვიდა.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა დაასტაბილურეს სიტუაცია და დაიწყეს მტრის თანდათან განდევნა სასაზღვრო ტერიტორიებიდან; მეორე, და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი შეტევის შესაკავებლად არანაირი მოქმედებები არ ხდება. პირიქით, სასაზღვრო რაიონებში თავისი საკმაოდ დიდი და არცთუ ისე ცუდად მომზადებული დანაყოფების გადასროლით მოწინააღმდეგემ შეასუსტა საკუთარი თავი საკვანძო მიმართულებებზე, ჩვენმა ჯარებმა კი დააჩქარეს შეტევითი ოპერაციები. დიდი ხანია, ტერიტორიულად ასეთი შენაძენი არ ყოფილა“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგის ერთ-ერთ ამოცანას რუსეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის შერყევა და პანიკის დათესვა წარმოადგენდა, თუმცა, მისივე მტკიცებით, მოხდა პირიქით, უკრაინელების მოქმედებებმა რუსეთის საზოგადოების კონსოლიდაცია გამოიწვია. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა კურსკის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის განდევნას ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის „წმინდა ვალი“ უწოდა.
ცნობისთვის, უკრაინის ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 6 აგვისტოდან აწარმოებენ.