ვლადიმერ პუტინი - ყაზახეთში აქტიურად გამოიყენებოდა პროტესტის ძალოვანი და საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები, რაც „მაიდანის“ ტექნოლოგიებისთვის არის დამახასიათებელი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში დარჩება შეზღუდული პერიოდით, იმდენ ხანს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის ყაზახეთის პრეზიდენტი. მისივე თქმით, მისიის დასრულების შემდეგ მთელი კონტინგენტი ქვეყანას დატოვებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ კოლექტიურ უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ონლაინსამიტზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ყაზახეთზე თავდასხმა და აგრესიული აქტი უწოდა.
„ჩვენ გვესმის, რომ ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის წინაშე საფრთხე სულაც არ არის გამოწვეული საწვავის ფასის გამო დაწყებული სტიქიური საპროტესტო აქციებით, არამედ გამოწვეულია იმით, რომ სიტუაციით ისარგებლეს დესტრუქციულმა შიდა და გარე ძალებმა. ის ადამიანები, რომლებიც გაზის ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო გამოდიოდნენ, ერთი ხალხია და მათ ერთი მიზანი აქვთ, ხოლო ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღო და სახელმწიფოს თავს დაესხა, სრულიად სხვა ხალხია და მათ სხვა მიზნები აქვთ. ამასთან, აქტიურად გამოიყენებოდა პროტესტების ძალოვანი და საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები, რაც „მაიდანის“ ტექნოლოგიებისთვის არის დამახასიათებელი. გამოიყენებოდა მებრძოლების კარგად ორგანიზებული და მკაფიოდ მართული ჯგუფები“, – განაცხადა პუტინმა.
თავის ხმრივ, სამიტზე გამოსვლისას ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო გამოსვლებსა და არეულობას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ყაზახეთი მსოფლიოს წარუდგენს ქვეყნის წინააღმდეგ „ტერორისტული აგრესიის“ მომზადების მტკიცებულებებს.
„დარწმუნებით ვაცხადებ ყაზახეთის წინააღმდეგ აგრესიაში ტერორისტების მონაწილეობის შესახებ, მათ შორის უცხოელი მებრძოლების“, – განაცხადა თოყაევმა.
ყაზახეთში საპროტესტო აქციები თხევადი გაზის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენებისა და საწვავზე ფასის სახელმწიფო რეგულირების დაპირების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები არ შეწყდა. დემონსტრანტებმა ხელისუფლების მთლიანად შეცვლა, პარლამენტის დაშლა და საკონსტიტუციო რეფორმა მოითხოვეს. მომიტინგეებმა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ალმათიში დაიკავეს სამთავრობო შენობები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ტერორისტები მოქმედებენ.