ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ბილ კლინტონს რუსეთის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე ჰკითხა, რაზეც პასუხად მიიღო - „ახლა ეს შეუძლებელია“
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ბილ კლინტონს რუსეთის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე ჰკითხა, რაზეც პასუხად მიიღო - „ახლა ეს შეუძლებელია“

რუსეთი ნებაყოფლობით დათანხმდა საბჭოთა კავშირის დაშლას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ე.წ. უკვე ბრჭყალებში „ცივილიზებული დასავლეთის“ მხრიდან აღქმული იქნებოდა როგორც თანამშრომლობისა და მოკავშირეობის წინადადება, – ამის შესახებ რუსეთს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კაშირის დაშლამდე გერმანელი პოლიტიკოსი ეგონ ბარი ამბობდა, რომ აუცილებელი იყო ევროპაში უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა, რომელსაც უნდა მოეცვა აშშ, კანადა, რუსეთი და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნები, მაგრამ ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში, ყველაფერი ცივი ომის დროს დაემსგავსებოდა, ოღონდ რუსეთის საზღვრებთან ახლოს.

„1991 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი „ცივილიზებული ხალხების“ ძმურ ოჯახში მიღებას ელოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. თქვენ მოგვატყუეთ – როდესაც მე ვამბობ „თქვენ“, მე არ გგულისხმობთ პირადად თქვენ, რა თქმა უნდა, არამედ შეერთებულ შტატებს – თქვენ დაგვპირდით, რომ ნატო-ს გაფართოება არ იქნებოდა აღმოსავლეთით, მაგრამ ეს ხუთჯერ მოხდა, გაფართოების ხუთი ტალღა… როდესაც პრეზიდენტი გავხდი, კრემლში შეხვედრის დროს, აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს ვუთხარი, კითხვა დავუსვი: მისმინე, ბილ, რას ფიქრობ, რუსეთი თუ ნატო-ში გაწევრიანების საკითხს დააყენებს, შენი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა? უცებ თქვა: იცი, საინტერესოა, ასე მგონია, კი. საღამოს კი, როცა ვახშამზე შევხვდით, თქვა: იცით, მე ველაპარაკე ჩემს ხალხს, ჩემს გუნდს – არა, ახლა ეს შეუძლებელია. შეგიძლიათ, ჰკითხოთ, ვფიქრობ, ჩვენს ინტერვიუს მოისმენს და დაადასტურებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბილ კლინტონი ინიციატივას რომ დათანხმებოდა, შეურთდებოდა თუ არა რუსეთი ნატო-ს, პუტინმა უპასუხა, რომ „დიახ“ რომ ეთქვა, დაახლოების პროცესი დაწყებული იქნებოდა და საბოლოოდ, ეს შეიძლებოდა, მომხდარიყო, თუკი იქნებოდა პარტნიორების გულწრფელი სურვილი. ვლადიმერ პუტინის თქმით, გასაგები იყო, რომ რუსეთს ნატო-ში არავინ ელოდებოდა, რასაც, მისი მოსაზრებით, თავისი მიზეზები აქვს, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და აქვს საკუთარი აზრი, რუსეთისთვის კი ცხადია, როგორ წყდება საკითხები ნატო-ში.