ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ისგან განსხვავებით, რუსეთში გუბერნატორები პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ მიდიან
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ-ში გამართული საპროტესტო აქციები აშშ-ში არსებულ „შიდა კრიზისზე“ მიუთითებს.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელეკომპანია „რასია 1“-ის ეთერში გააკეთა.
„ეს შიდა კრიზისის გამოვლინებაა და ჩვენ ამას აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ ვადევნებთ თვალს. როდესაც ტრამპმა სამართლიანად და დემოკრატიულად მოიგო, მეორე მხარემ გამოიგონა ზღაპრები, რათა არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობაში ეჭვი შეეტანა. ის რაც დღეს ხდება, მეტყველებს პრობლემებზე. კორონავირუსთან ბრძოლამ გამოააშკარავა სხვა ზოგადი პრობლემებიც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აშშ-ისგან განსხვავებით, რუსეთში რომელიმე რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის ან პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ არასდროს წავა.
„წამოუდგენელია, რომ რუსეთის რომელიმე რეგიონის გუბერნატორი მთავრობის ან პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდეს. ასეთი რამ აქ არ ხდება. დემოკრატია, რა თქმა უნდა, არის ხალხის ძალაუფლება, მაგრამ თუ ხალხი ირჩევს მთავრობის უმაღლეს ორგანოებს, მაშინ ამ ქვეყნის მთვარობის უმაღლეს პირებს აქვს ხალხის ნდობა და აქვთ უფლება, თავად წარმართონ აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა ისე, რომ უმრავლესობის ნების აღსრულება გარანტირებული იყოს. აშშ-ში კი პრეზიდენტი ამბობს, უნდა გავაკეთოთ ასე და ამ დროს გუბერნატორები მას ეუბნებიან „მოდი, მოშორდი აქედან“. ეს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჯგუფურ და პარტიულ ინტერესებს, აშშ-ში საზოგადოების და ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.