ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები უგულებელყო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთისგან მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებზე ამერიკის მთავრობისგან მიღებული წერილი დასტურია იმის, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები უგულებელყო.
„რუსეთისთვის პრინციპული საკითხები უგულებელყოფილია. ჩვენ სამ ძირითად მოთხოვნაზე ვერ ვნახეთ ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, პუტინის თქმით, 1949 წლის შეთანხმების სტატიებში ნატო-ს შექმნაზე წერია, რომ ალიანსს სხვა წევრებთან თანხმობით შეუძლია ორგანიზაციაში სხვა ევროპული ქვეყნების მიღება, მაგრამ ვალდებული არ არის.
„ამბობენ, ღია კარის პოლიტიკა. ეს საიდან მოვიდა? ნატო-ში ღია კარის პოლიტიკა, სად წერია ეს? არსად. თუ მეხსიერება არ მღალატობს, 1949 წლის შეთანხმების 10 სტატიაში ნატო-ს შექმნაზე წერია, რომ ალიანსს სხვა წევრებთან თანხმობით შეუძლია სხვა ევროპული ქვეყნების მიღება ორგანიზაციაში. შეუძლია, მაგრამ ვალდებული არ არის.
ამერიკასაც და ნატო-საც შეუძლიათ უკრაინისთვის თქმა, რომ ჩვენ გვსურს თქვენი უსაფრთხოების გარანტირება, პატივს ვცემთ მას, მაგრამ ვერ მიგიღებთ, რადგან გვაქვს სხვა ადრე აღებული ვალდებულებები. რა არის გაუგებარი ან საწყენი უკრაინისთვის?“, – განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, პუტინის თქმით, ყირიმი რუსეთის სუვერენული ტერიტორიაა და ამ ნაწილში მათთვის საკითხი დახურულია.
„უკრაინის დოკუმენტებში წერია, რომ ისინი აპირებენ ყირიმის დაბრუნებას, მათ შორის სამხედრო გზით. ისინი ამას არა მხოლოდ საუბრობენ, დოკუმენტებშიც კი უწერიათ. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრია. გადავსებული იარაღი, დგას თანამედროვე თავდასხმითი სისტემები, ისეთივე, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში, ვინ შეუშლის ხელს? დაიწყებენ ოპერაციას ყირიმში. ეს რუსეთის სუვერენული ტერიტორიაა. ამ ნაწილში ჩვენთვის საკითხი დახურულია. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრია და იწყება სამხედრო ოპერაცია. ჩვენ რა, ნატო-ს ვეომოთ? ვინმემ იფიქრა ამაზე? როგორც ჩანს, არა“, – აღნიშნავს პუტინი.
ამავდროულად, პუტინმა განაცხადა: „როგორც ცნობილია, ჩვენ გვქონდა მიღებული დაპირება, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა არ განთავსდებოდა უკრაინის აღმოსავლეთით, ერთი დიუმითაც კი. ეს ყველამ კარგად იცის. დღეს ჩვენ ვხედავთ, სად არის ნატო – პოლონეთი, რუმინეთი, ბალტიის ქვეყნები“.