ვლადიმერ პუტინი - 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, უკრაინელები, თათრები ან ებრაელები ჩაერივნენ
2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, უკრაინელები, თათრები ან ებრაელები ჩაერივნენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
„საიდან მოიტანეთ, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის მე, ვინმეს მივეცით ამის ნებართვა. რადგან ისინი რუსები არიან?“ – განაცხადა პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთის 13 მოქალაქისა და სამი კომპანიისთვის არჩევნებში ჩარევის საქმეზე ბრალის წაყენებაზე საუბრისას.
„შესაძლოა, ისინი რუსებიც არ არიან, არამედ უკრაინელები, თათრები ან ებრაელები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა ან „მწვანე ბარათი“ აქვთ, შესაძლოა, აშშ-მა გადაუხადა მათ ამის სანაცვლოდ“, – განაცადა რუსეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს საქმე მისი პრობლემები არ არის.
16 თებერვალს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის 13 მოქალაქეს და სამ იურიდიულ პირს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ბრალი წუაყენა, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში მდებარე ე.წ. ტროლების ქარხანას.