ვლადიმერ პუტინი - 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აშშ-მა ძალდატანებით გაიტანა გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და სხვათა შორის, საქართველოც გახდებიან ნატო-ს წევრები
2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აშშ-მა ძალდატანებით გაიტანა გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და სხვათა შორის, საქართველოც გახდებიან ნატოს წევრები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, ბევრი ევროპელი მოკავშირე, ჯერ კიდევ მაშინ ხვდებოდა იმ რისკებს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ახლდა თან, მაგრამ იძულებული იყვნენ, შეჰგუებოდნენ დიდი მოკავშირის სურვილს.
„ახლა გვეუბნებიან, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ხვალ არ გახდება. რას ცვლის ეს ისტორიული პერსპექტივით? არაფერს. მეტიც, ჩვენთვის ცნობილია ამერიკის პოზიცია, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებების მიუხედავად, თუ უკრაინა დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს და დაამარცხებს კორუფციას, ის გახდება ნატო-ს წევრი. ამასთან, ჩვენ მუდმივად გვიმტკიცებენ, რომ ნატო არის მშვიდოებისმყოფელი ორგანიზაცია და თავდაცვითი ალიანსი, ამის დაჯერებას სიტყვაზე გვთავაზობენ. ჩვენ ვიცით ამ სიტყვის ფასი. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებობდა. თუმცა ეს ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა.
მარტში უკრაინამ მიიღო ახალი სამხედრო სტრატეგია, რომელიც მთლიანად არის მიძღვნილი რუსეთთან დაპირისპირებისადმი. ის მიზნად ისახავს უცხო ქვეყნების ჩართვას რუსეთთან კონფლიქტში. სტრატეგია ითვალისწინებს რუსულ ყირიმში და დონბასის ტერიტორიაზე ტერორისტული მიწისქვეშეთის ორგანიზებას. საუბარი არის სავარაუდო ომზე და ეს უნდა დასრულდეს „უკრაინისთვის სასარგებლო პირობებით“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, „ეს სხვა არაფერია, თუ არა მზადება სამხედრო მოქმედებებისთვის რუსეთის წინააღმდეგ“. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ბირთვული იარაღის შექმნას აპირებენ.
„ეს უბრალო საუბრები არ გახლავთ. უკრაინა ფლობს საბჭოთა სამხედრო ტექნოლოგიებს. მათ შორის უკრაინა ფლობს ავიაციას და რაკეტა „ტოჩკა უ“-ს, რომლის მოქმედების რადიუსი 100 კილომეტრს აღემატება. ისინი მეტსაც შეძლებენ, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, უკრაინას ბირთვული იარაღის შექმნაში შესაძლოა, დასავლეთი დაეხმაროს, რათა რუსეთისთვის მორიგი მუქარა შექმნას. მისივე თქმით, აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღს აწვდის.
„ბოლო თვეებში დასავლეთიდან იარაღი უწყვეტ ნაკადად მიედინება უკრაინაში, საჯაროდ. მთელი მსოფლიოს თვალწინ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს ხელმძღვანელობენ უცხოელი მრჩევლები. ჩვენ ეს ვიცით“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე განცხადებით, ბოლო წლებში უკრაინაში სწავლებების საბაბით პრაქტიკულად მუდმივად იმყოფებოდნენ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროები. უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვის სისტემა ინტეგრირებულია ნატო-სთან. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ცალკეული ქვედანაყოფების მართვა შესაძლებელია ნატოს შტაბბინიდან“, – აცხადებენ პუტინი
მისი თქმით, აშშ და ნატო დიდი ხანია, შეუდგა უკრაინის სამხედრო ათვისებას, როგორც პოტენციური სამხედრო მოქმედებების თეატრის ადგილის. პუტინის განცხადებით, უკრაინაში ტარდება ანტირუსული ხასიათის სამხედრო სწავლებები.
„წელს დაგეგმილია კიდევ 10 ასეთი სამხედრო სწავლება. თვალსაჩინოა, რომ ამით ინიღბება ნატო-ს სამხედრო ჯგუფების რაოდენობის ზრდა უკრაინის ტერიტორიაზე,“ – განაცხადა პუტინმა.