ვლადიმერ პაპავა - ეროვნული ბანკი ლარზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს
ეროვნული ბანკი არის ლარის ემიტენტი, მშობელი ორგანო და მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს, – ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ვლადიმერ პაპავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში ლარის კურსის ბოლოდროინდელი რყევები და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა განიხილეს. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რამდენად სწორია ეროვნული ბანკის პოლიტიკა, როდესაც საერთაშორისო რეზერვების შევსების მიზნით, ის ლარის გამყარების შემთხვევაში, დოლარის შესყიდვას დაუყოვნებლივ ახორციელებს, ლარის გაუფასურების შემთხვევაში კი, ინტერვენციებისგან თავს იკავებს. გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების აღნიშნული პოლიტიკა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რეზერვების შევსება თვითმიზნად იქცა.
პაპავა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსება თვითმიზანი არ უნდა იყოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ითხოვს უცხოური სავალუტო რეზერვების შევსებას.
„20 წლის წინ, როცა რუსეთის დეფოლტი განვითარდა, მაშინაც იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მოთხოვნა, რომ თავი დაანებეთ სავალუტო ბაზრის რეგულირებას და გადაარჩინეთ რეზერვებიო. ჩვენ1998 წელს ეს გზა რომ აგვერჩია, საქართველოს ისედაც სუსტი ბანკებიდან ყველა გაკოტრდებოდა. ეს გზა არ აგვირჩევია, ბრმად არ დავუჯერეთ სავალუტო ფონდს. პირიქით, განვახორციელეთ იმ უარყოფითი ზეგავლენის შერბილება, რაც რუსეთის დეფოლტს ჰქონდა. წავიდა ლარის გააზრებული, თანდათანობითი, პროგნოზირებადი გაუფასურება, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად რეზერვებისგან კი დაცალა, მაგრამ გადაარჩინა ლარი და მთელი საბანკო სისტემა“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
მისი განმარტებით, რეზერვები რეალურად ე.წ. შავი დღისთვის შექმნილი მარაგია და საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად უნდა დაიხარჯოს. ამიტომ ცენტრალური ბანკი მხოლოდ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეგულირებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, რადგან ეროვნულ ვალუტაზე პასუხისმგებელი ორგანო პირველ რიგში სწორედ ის არის.
„რეზერვები საჭიროა შავი დღისთვის. რატომ ზოგავს ფულს ადამიანი? ხშირად იმიტომ, რომ შავი დღისთვის გამოიყენოს. იგივეა სავალუტო რეზერვები ქვეყნისთვის. მთავარი ის კი არ არის, რეზერვები უბრალოდ ვხარჯოთ, არამედ, გონივრულად ვხარჯოთ, თავის დროზე, მცირე დოზით, რომ შოკები და რყევები არ იყოს. რაც მთავარია, ეროვნული ბანკი უნდა იყოს აქტიური. ისეთი პასიური, როგორც დღეს არის, აბსოლუტურად არასწორია. ის მიიჩნევს, რომ ლარის კურსი მას არ ეხება. ანუ თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და ასე სურს მონეტარულ ზღვაში ცურვა განაგრძოს. არ შეიძლება, ჩაიციკლო მხოლოდ ერთ მაჩვენებელზე, როგორიც არის მიზნობრივი ინფლაციის რეგულირება.
როგორც წესი, ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს, თურმე მთავრობა ბიუჯეტს სწორად არ ხარჯავს. მთავრობა სწორად ხარჯავს ბიუჯეტს თუ არა. ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი უნდა გვახსოვდეს – ლარის მშობელი, მისი ემიტენტი არის ცენტრალური ბანკი. ამიტომ რა კანონიც უნდა დაწეროს და თავიდან აიცილოს ლარზე პასუხისმგებლობა, ამას ბოლომდე მაინც ვერ აიცილებს, რადგან ლარის მშობელი და მასზე პასუხისმგებელი ორგანო პირველ რიგში, არის ეროვნული ბანკი“, – განმარტა ვლადიმერ პაპავამ „ბიზნესპარტნიორში“.