ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველოს მოქალაქეები ვარშავიდან თბილისში ხვალ კომერციული ავიარეისით დაბრუნდებიან
საქართველოს მოქალაქეები ვარშავის აეროპორტიდან თბილისში ხვალ კომერციული ავიარეისით დაბრუნდებიან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ჯერ კიდევ დგინდება საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, ამ რეისით სამშობლოში დაბრუნდება.
„რიგ ქვეყნებში ჩვენი მოქალაქეების რიცხოვნობა მაღალია და პირველ რიგში ასეთ ქვეყნებზე გავაკეთეთ აქცენტირება, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ქვეყნებიდან იყო შეჩერებული ფრენები, იყო გარკვეული შეზღუდვები, ქართულმა მხარემ აქტიურად იმუშავა ავიაკომპანიებთან. ჩვენი საელჩოები იყვნენ ჩართული, რომ დამატებითი რეისები განხორციელებულიყო. იგივე არის პოლონეთის შემთხვევაშიც. იცით, რომ პოლონეთს პრაქტიკულად შეჩერებული ჰქონდა ფრენები, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ დაფრინავდნენ და პოლონეთის მოქალაქეების გადაყვანით იყვნენ დაკავებულნი. ეს ჩვენთვის როგორც კი ცნობილი გახდა, აქტიურად ჩაერთო მაშინვე ჩვენი საელჩო. მივმართეთ თხოვნით და იცით, რომ რეისი შედგა, ჩამოიყვანეს საქართველოს მოქალაქეებიც და შემდეგ გაამგზავრეს პოლონეთის მოქალაქეები საქართველოდან, რაც შეეხება დღეს იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ხვალისთვის იგეგმება რეისი ვარშავიდან თბილისში, საელჩო არის მუდმივ კავშირზე პრაქტიკულად ყველა მათგანთან, ჩვენ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია და მოხდება მათი მიყვანა ვარშავის საერთაშორისო აეროპორტში, ეს გახლავთ კომერციული რეისი. საუბარია პოლონეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ვარშავაში ან სხვა ქალაქში იმყოფებიან.
ჯერ კიდევ დგინდება რაოდენობა და აღრიცხვა მიმდინარეობს. მოგვიანებით გვეცოდინება ზუსტი რიცხვი. მოთხოვნა საკმარისია. თუ შეძლებენ ადამიანები ვარშავაში ჩასვლას, მაშინ ექნებათ შესაძლებლობა მოხვდნენ ბორტზე“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ვლადიმერ კონსტანტინიდმა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც გაუქმებული ფრენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას მოუწოდა, თვალყური უნდა ადევნონ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კონკრეტულ ქვეყანაში საელჩოებისა და საკონსულოების ვებგვერდებს, სადაც მუდმივად იდება განახლებული ინფორმაცია არსებული მარშრუტების შესახებ.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოებში ამოქმედებულია 24-საათიანი ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს უწევენ კონსულტაციას კონკრეტული მარშრუტების შერჩევაში.
„სიტუაცია არის ძალიან სწრაფად ცვალებად და დინამიური. წინასწარ რთულია განსაზღვრული რეკომენდაციის მიწოდება, მაგრამ ვურჩევთ ჩვენს მოქალაქეებს, მუდმივ კავშირზე იყვნენ ცხელი ხაზის მეშვეობით ჩვენს მისიებთან, საკონსულოებსა და საელჩოებთან და ისინი ინდივიდუალურად შეეცდებიან, დახმარება აღმოუჩინონ გადაადგილების მარშრუტების თვალსაზრისით. თუ კონკრეტული ხელმისაწვდომი რეისი გამოჩნდება, აუცილებლად მიეწოდებათ ეს ინფორმაცია“, – აღნიშნა კონსტანტინიდმა.
რაც შეეხება უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, უმთავრესია გაითვალისწინონ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული ვითარება და დაიცვან ადგილზე ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილი წესები.
„ისინი უნდა მოერიდონ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად ეცადონ, მოახდინონ საკუთარი თავის იზოლაცია და მუდმივ კავშირზე უნდა იყვნენ ჩვენს მისიებთან, ცხელ ხაზთან, მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიიღონ არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 მარტს ავიაკომპანიას LOT Polish Airlines დაგეგმილი აქვს ავიარეისი ვარშავა-თბილისის მიმართულებით. რეისი შესრულდება 07:15 საათზე.
„საქართველოში გამგზავრების მსურველებს ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ავიაკომპანიის ვებგვერდზე: https://www.lot.com/pl/en/“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.