ვლადიმერ კონსტანტინიდი - საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო სამუშაოების დაწყებისთანავე აამოქმედა ყველა ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ხვალ იგეგმება დიპლომატიური კორპუსის ჩასვლას გუგუტიანთკარში.
„შედგა კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან; 8აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და მისი მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის; იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა მკაცრი განცხადება და დაგმო საოკუპაციო ძალების მოქმედებები; იყო გამოხმაურებები სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც. გუშინ სამინისტრომ კვლავ გააკეთა ოფიციალური განცხადება და გამართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან: მუდმივ კონტაქტზე ვართ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოს საელჩოებს დავალებული აქვთ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება. საერთაშორისო პარტნიორები, განაგრძობენ ჩვენთან აქტიურ თანამშრომლობას და შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟის მიზნით რკინის ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს.