ვლადიმერ კონსტანტინიდი - რუსეთი ალიანსის აქტივობას მიიჩნევს ერთგვარ საფრთხედ შავი ზღვის რეგიონში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება
ვლადიმერ კონსტანტინიდი - რუსეთი ალიანსის აქტივობას მიიჩნევს ერთგვარ საფრთხედ შავი ზღვის რეგიონში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება

რუსეთი განაგრძობს, თავისი მზაობის არქონა დააბრალოს ჩვენს წარმატებებს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით და მიიჩნევს ალიანსის აქტივობას, როგორც ერთგვარ საფრთხეს შავი ზღვის რეგიონში, რაც რეალურად სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონში და არა მარტო აქ, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი სწორედ ნატო-ა.

„აქვე მოვიშველიებ ჩვენი პარტნიორების გზავნილსაც, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, სუვერენულ სახელმწიფოს უკარნახოს მისი გზა, აირჩიოს მისი ინტერესებისთვის საჭირო ალიანსი და მოკავშირე“, – აღნიშნავს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

გუშინ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ  ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.