ვლადიმერ კონსტანტინიდი - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე გერმანელი დეპუტატების ვიზიტი რუსულმა მხარემ დააფინანსა
ვლადიმერ კონსტანტინიდი - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე გერმანელი დეპუტატების ვიზიტი რუსულმა მხარემ დააფინანსა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე დამსწრე პირებს არ ჰქონდათ არანაირი უფლებამოსილება და სტატუსი იმ სტრუქტურებიდან, რომელ სტრუქტურასაც, ასე ვთქვათ, ისინი წარმოადგენენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა შესაბამის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კონსტანტინიდის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გერმანიიდან ორი დეპუტატის ყოფნა იყო პირადი სახის ვიზიტი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო პრევენციულ რეჟიმში მუშაობდა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებზეც გაიჟღერა გარკვეულმა ინფორმაციამ, მათ შორის აფხაზურ პრესაში. გაცილებით მაღალი შეიძლება ყოფილიყო ციფრი იმ ე.წ დამკვირვებლებისა, რომ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრევენციული ღონისძიებები.

რაც შეეხება ამ ორ, კონკრეტულ დეპუტატს გერმანიიდან. არცერთ შემთხვევაში, მათ არ ჰქონდათ არანაირი უფლებამოსილება და სტატუსი იმ სტრუქტურებიდან, რომელ სტრუქტურასაც, ასე ვთქვათ, ისინი წარმოადგენენ. ეს იყო პირადი ვიზიტი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, გერმანელი დეპუტატები, რომლებიც აფხაზეთში იმყოფებოდნენ, არიან რუსული გავლენის ქვეშ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები, პარტიის ორიენტაციიდან გამომდინარე, ეს არის ულტრამემარჯვენე პარტია, იმყოფებიან რუსული გავლენის ქვეშ, რადაც ისიც მოწმობს, რომ აფხაზეთში მათი ვიზიტის დაფინანსება განხორციელდა რუსული მხარის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ეს დეპუტატები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ აფხაზეთში ჩასვლით ისინი დაარღვევდნენ როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას, ისევე ქართულ კანონმდებლობას. ამაზე გვექნება შემდგომი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან, ყველა შესაძლო შედეგზე გვექნება დამატებითი კომუნიკაცია და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება დასაბუთებული რეაგირება ქართული მხარის მიერ“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.