ვლადიმერ კონსტანტინიდი - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის დაკანონების მორიგ უშედეგო მცდელობას
„ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის დაკანონების მორიგ უშედეგო მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ე.წ არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმური შედეგი ვერ ექნება, რამდენადაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.
„ე.წ. არჩევნები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს იქ არსებული ოკუპაციის, ეთნიკური წმენდის დაკანონების მორიგ უშედეგო მცდელობას. იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, ბუნებრივია, ე.წ არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმური შედეგი ვერ ექნება, რამდენადაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს.
საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ოკუპაციას და ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონობას ისევე, როგორც საზღვრების უკანონო ცვლილების მცდელობას, იმ ფონზე, როდესაც იქ მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები, ადამიანების გატაცება და სხვა უკანონო პროცესები, როგორიც არის ბორდერიზაცია, ხელოვნური ბარიერების აღმართვა და ა.შ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, მოხდეს შესაბამისი რეაგირება, სათანადო შეფასებები და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იქ არსებულ უკანონობაზე“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ რეგიონებში კერძო პირების ჩაყვანით და მათი საერთაშორისო დამკვირვებლებად გასაღებით ცდილობს გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ პროცესს.
„აფხაზურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ელოდებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებს. საოკუპაციო რეჟიმები ცდილობენ კერძო პირების, გავლენის აგენტების, სატელიტების ჩაყვანას ოკუპირებულ რეგიონებში და მათი საერთაშორისო დამკვირვებლებად გასაღებით ცდილობენ, რომ გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ პროცესს. არსებული ინფორმაციით, ჩინეთიდან წარმომადგენელი და ე.წ დამკვირვებელი არ ჩასულა. გვაქვს ინფორმაცია ერთ პირზე, რომელიც წარმოადგენს ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა ის იქ იმყოფება კერძო სტატუსით და მას არ აქვს რაიმე სახის ნებართვა იმ უწყებიდან, სადაც ის მუშაობს. ეს არის მორიგი უკანონო და უშედეგო მცდელობა, რომ იქ არსებული პროცესები რაიმე ფორმით დააკანონონ“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება. როგორც საოკუპაციო რეჟიმი იუწყება, „პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის და მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა“. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მოწყობილია „35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი“.