ვლადიმერ კონსტანტინიდი - გაერო-ს უშიშროების საბჭოზე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმის განხილვა ადასტურებს, რომ თანამეგობრობის დღის წესრიგში საკითხი მაღალ დონეზე დგას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს იმ ფაქტს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმების შესახებ ისაუბრეს.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყებამ აქტიურად იმუშავა კიბერთავდასხმის საკითხზე.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აქტიურად იმუშავა ამ საკითხზე. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გუშინ გაერო-ში უშიშროების საბჭოს ფორმატში საკითხი განხილული იქნა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. კერძოდ, რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადებები გააკეთეს ჩვენმა პარტნიორებმა, ესტონეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ და კიდევ ერთხელ შეაფასეს აღნიშნული კიბერშეტევა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა.
ეს გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ამ ფორმატში და ამ დონეზე ხდება კონკრეტული საკითხის – კიბერშეტევის განხილვა. ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ეს საკითხი მაღალ დონეზე დგას, ამ საფრთხეების წინაშე საქართველო მარტო არ არის და ის სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, საქართველო კვლავაც გააგრძელებს კიბერუსაფრთხოების კუთხით მუშაობას როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის დონეზე.
გაერო-ს უშიშროების საბჭოზე აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმების შესახებ ისაუბრეს. როგორც ამერიკული მედია წერს, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დროს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კიბერთავდასხმის საკითხი პირველად განიხილეს.