ვლადიმერ კონსტანტინიდი - ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება არის მშვიდობისა და განვითარების გარანტია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, რომელიც წარმოადგენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ვინმეს, მით უმეტეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
კონსტანტინიდის თქმით, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება არის მშვიდობისა და განვითარების გარანტია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.
„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის პარალელურად, საქართველო ურყევად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას: სრულად შევასრულეთ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება; არაერთხელ დავადასტურეთ ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება; კონსტრუქციულად ვართ ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებში და ყველაფერს ვაკეთებთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. ეს იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაციის და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ადგილი აქვს სრულიად საპირისპირო განზრახვებსა და პროვოკაციულ ქმედებებს: არ სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიმდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაცია, საოკუპაციო ხაზზე აღიმართება მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები უხეშად ილახება ადგილობრივ მცხოვრებელთა უფლებები და თავისუფლებები, იკეტება ე.წ. გადასასვლელები, რაც იზოლაციაში ამყოფებს მოსახლეობას და მწვავე ჰუმანიტარული პრობლემებით ცდილობენ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შეფასებით, მსგავსი ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებრიობაზე“ საუბარი არის ცინიზმი და მიზნად ისახავს დღეს არსებული მძიმე სიტუაციისგან ფოკუსის გადატანას სხვა განზომილებებზე, უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის დაფარვას და პასუხისმგებლობის გადატანას რეალური კონტროლის განმახორციელებელი ძალიდან მის საოკუპაციო რეჟიმებზე.
„ამავე მიზანს – საოკუპაციო რეჟიმების ერთგვარი ლეგიტიმაციისა და მათზე პასუხისმგებლობის გადატანას ემსახურება ე.წ. არჩევნების ჩატარება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, რომლებსაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის პირობებში, ვერ ექნება რამე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.