ვლადიმერ კონსტანტინიდი - დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება რუსეთის უკანონო ქმედებებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საოკუპაციო ხაზის გამაგრებითი სამუშაოები ძირითადად ორ ამოცანას ემსახურება – მოახდინონ თავისი უხეში ძალის დემონსტრირება და ხელი შეუშალონ ადამიანების გადაადგილებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმს სურს ხელი შეუშალოს ადამიანების კონტაქტს იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან სულ უფრო მზარდია ინტერესი ჩართულობისა და ურთიერთობების.
როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა სწორად იყოს ინფორმირებული მიმდინარე პროცესებზე და ხელისუფლების ნაბიჯებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის კუთხით.
„დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს მკაცრ რეაგირებას და იქნება თანმიმდევრული, არ შეეგუება იქ მიმდინარე პროცესებსა და რუსეთის უკანონო ქმედებებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – ამბობს კონსტანტინიდი.
სოფელ ხურვალეთთან ორი დღეა, რუსი ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ და სავარაუდოდ, სათვალთვალო კოშკურას ამონტაჟებენ.
ადგილზე უკვე მიტანილია რკინის კონსტრუქცია და ჯიხური. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს ქართული მხარე ერგნეთის ხვალინდელ შეხვედრაზე დააყენებს. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.