ვლადიმერ კონსტანტინიდი - წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ შეეგუება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას
ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილი აქვს საქართველოს საკითხების აქტუალიზაციას, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.
„საქართველოს აშშ-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ შეეგუება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას და უკანონო ოკუპაციას. ხაზგასასმელია, რომ ბოლო პერიოდში ადგილი აქვს ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობების საკმაოდ მაღალ დინამიკას და საქართველოს საკითხების აქტუალიზაციას შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში, რაც არა მხოლოდ განცხადებების დონეზე გამოიხატება. ამის დასტურია დოკუმენტებიც, მათ შორის საკანონმდებლო აქტები. მაგალითად, ოქტომბერში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი და კონსოლიდირებულ ასიგნებათა აქტი, რომლითაც საქართველოს აშშ-ს მხრიდან ფინანსური დახმარება წლიდან წლამდე ეზრდება“, – აცხადებს კონსტანტინიდი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კონგრესმენ ალბიო საირესის [დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი] მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთს არ დაუშვებენ „დიდი შვიდეულში“, ვიდრე იგი პატივს არ სცემს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავენ. კანონპროექტს, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, მომდევნო კვირაში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს. კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, საჯაროდ მიმართოს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.