ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან
ირანში მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებული ირანული კლუბი “იზი პაიპ კაშანი” გახდა, რომელმაც ფინალში 6-4 შარშანდელი გამარჯვებული ამერიკის “ტიტან მერკური” დაამარცხა.
ირანულ კლუბში გადამწყვეტი გამარჯვება ქართველმა ლეგიონერმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა. ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნეკნის ტრავმის მიუხედავად ფინალში მაინც იასპარეზა და შარშანდელი ტრიუმფატორი ნიკ გვიაზდოვსკი შედეგით 6-5 დაამარცხა.
მანამდე კი, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა ალან ვოთერს 7-0 მოუგო.
ფინალური შეხვედრა “იზი პაიპმა” დამაჯერებლად დაიწყო ხინჩეგაშვილმა, ირანელებმა რეზა ატარიმ, ფარზად ხალილიმ და მოხამად ნადერიმ გუნდი 4-0 დააწინაურეს, თუმცა მომდევნო სამი გამარჯვება ამერიკელებმა მოიპოვეს და მინიმუმამდე დაიყვანეს სხვაობა 4-3, 92 კგ-ში ირანელმა ხოსეინ შახბაზიმ ნიკ ხეფლინა დაამარცხა და 5-3 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრაში კი, ამერიკელების ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა კაილ სნაიდერმა დიდი ანგარიშით 10-0 დაამარცხა რუსი ლეგიონერი ვლადისლავ ბაიცაევი და ანგარიში კვლავ მინიმუმამდე შეამცირა 5-4, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ქართველმა მძიმეწონოსანმა დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ნიკ გვიაზდოსვკის და კარიერაში პირველად მსოფლიოს საკლუბო თასის გამარჯვებული გახდა.
ხინჩეგაშვილისათვის კი, ეს ზედიზედ მესამე მოპოვებული მსოფლიოს თასია კლუბებს შორის.
შეგახსენებთ, 2016 წელს ოლიმპიურმა ჩემპიონმა სწორედ ამერიკული “ტიტან მერკურის” შემადგენლობაში მოიპოვა ეს ტიტული მეორედ, მანამდე კი ირანული “რაზის” შემადგენლობაში გაიმარჯვა.
ქართულმა კლუბმა “რაინდმა” 7-3 გაანადგურა ყაზახეთის “კელეჩუკი” და მსოფლიოს თასზე მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
გამარჯვებები ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ), ზაურ ბერაძემ (86 კგ), საბა ჩიხრაძემ (92 კგ), ზურაბ ახობაძემ (97 კგ) და ლევან გოგრიჭიანმა (125 კგ) მოიპოვეს.
შეჯიბრებაში სულ 10 ქვეყნის 13 კლუბი გამოდიოდა.