ვლადიმერ ჩაჩიბაია - რუსეთის თავხედური განცხადებები მეტყველებს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება მისი მხრიდან სისუსტედ აღიქმება, ამას სჭირდება დასავლეთის უფრო ხისტი პოზიცია
რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი თავხედური განცხადება მოვისმინეთ, რაც მიუღებელია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, რადგან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არის დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ჩაჩიბაიამ კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს, გაუქმდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, განცხადება მხოლოდ განცხადებად არ დარჩეს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.
ამასთან, აღნიშნა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, არამედ ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის სურვილს და ნებას, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მაღალ ხარისხშია.
„ნატო-ს ხელშეკრულების მეათე მუხლი გულისხმობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უფლება, თუ ის იზიარებს ნატო-ს ღირებულებებს და წვლილი შეაქვს ნატო-ს უსაფრთხოების საქმეში. ამ შემთხვევაში საქართველოს დიდი როლი აკისრია და ეკისრა ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში. ბუქარესტის გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, არამედ ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის სურვილს და ნებას, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში არის მაღალ ხარისხში.
რუსეთის თავხედური განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ნებისმიერი დიპლომატიური მოლაპარაკება და რუსეთთან თანამშრომლობა აღიქმება რუსეთის მხრიდან როგორც სისუსტე და ამას სჭირდება დასავლეთისა და ევროპის ქვეყნების მხრიდან უფრო ცხადი, ხისტი პოზიციის დაფიქსირება. მნიშვნელოვანია, განცხადება მხოლოდ განცხადებად არ დარჩეს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. სასაცილოა, როცა რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე გვესაუბრება მაშინ, როცა მას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ნატო-ს წევრები გახდნენ, ამ გაწევრიანებამ თავიდან ააცილა რუსეთის ფართო აგრესია. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში დაგვიანდა, რაც 2008 წლის შედეგზე აისახა და სამწუხაროდ, ასეთი ეფექტი ჰქონდა უკრაინის შემთხვევაშიც, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. „მიუღებელია მესამე მხარის, რუსეთის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.