ვლადიმერ ჩაჩიბაია - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს რუსეთთან სამი კონფლიქტი ჰქონდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია გუშინ თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლის იუბილეზე გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს რუსეთთან სამი კონფლიქტი ჰქონდა.
„1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მე თავად გახლავართ მონაწილე თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით საკუთარი ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე. ეს არის ჩემი და ყველა პატრიოტის, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია. ამიტომ ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულირებას“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლის იუბილეზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა ოთხი ომი – სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან.