ვლადიმერ ბორცვაძე - ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები არის წაშლილი, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწერია ამოღებული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის მოსაზრება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერები არის წაშლილი და ვერ მოხერხდა მათი ამოღება.
„ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები არის წაშლილი. მე აღვნიშნე, რომ 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწერი ამ საქმეზე ამოღებულია. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გავრცელდა თბილისის მერიის ვიდეოკამერებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ შვიდ დღეზე მეტხანს ეს ჩანაწერები არ ინახება.
ჩვენ მივმართეთ, ამ ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჩანაწერები აღარ ინახება. თუმცა, ამის კომპენსირება ცალსახად შესაძლებელია, როგორც კერძო ობიექტების კამერების ჩანაწერებით, ასევე, 112-ის ჩანაწერებით. თბილისის მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა. ეს არის უბრალოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენა, რომლებმაც იმოძრავეს თბილისის ტერიტორიაზე, ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაავრცელა.