ვლადიმერ ბორცვაძე - სოფელ ჩორჩანასთან სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლს.
„როგორც მოგეხსენებათ, მთელი ღამის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდით აქ. სიტუაცია სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობით დარეგულირდეს ყველა სადაო საკითხი, ყოველგვარი ექსცესებისა და გამწვავების გარეშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.