ვლადიმერ ბორცვაძე - მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად გაავრცელეს ეჭვმიტანილი პირის მონაცემები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამინისტროს მოწოდების მიუხედავად, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ, მედიასაშუალებებს მოვუწოდეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებდნენ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, არ გაევრცელებინათ ეს ინფორმაცია, რადგან ვვარაუდობდით, რომ შესაძლებელი იყო, მსგავსი ინფორმაცია მისულიყო მედიასაშუალებებამდე. სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა ჩვენს მოწოდებას ყურადღება არ მიაქციეს და უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად, ისევ და ისევ საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს, რაც გარკვეულწილად ისევ საპოლიციო ძალების დისკრედიტაციის მიზნით კეთდება და ხელს უშლის როგორც გამოძიებას, ისე საპოლიციო ღონისძიებებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მათივე ცნობით, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.