ვლადიმერ ბორცვაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიების მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მოწმეები გამოძიებას ინფორმაციას არ აწვდიდნენ
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პირველ ტომებს გაეცნობა, დარწმუნდება, რომ საქმეში ცალსახად ჩანს ართანამშრომლობის ფაქტები და საზოგადოების არჩართულობა, გამოძიების ეტაპზე ეს იყო სისხლის სამართლის საქმის უმთავრესი და უდიდესი გამოწვევა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების მსვლელობისას გაჩნდა ეჭვები, რომ გარკვეული პირები ზემოქმედებდნენ მოწმეებზე. გარდა ამისა, როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ფლობდნენ, გამოძიებას ჩვენებას ან საერთოდ არ აძლევდნენ, ან შესაბამისი დოზით არ აწვდიდნენ ინფორმაციას.
„მას შემდეგ, რაც ეს საზარელი მკვლელობა მოხდა, გამოძიება უდიდესი გამოწვევების წინაშე დადგა. ვგულისხმობ იმას, რომ მოწმეებმა, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდნენ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ მიაწოდეს სათანადო და შესაბამისი ინფორმაცია.
პირიქით, გამოძიების მსვლელობისას გაჩნდა ეჭვები, რომ გარკვეული პირები ზემოქმედებდნენ მოწმეებზე. ადამიანები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას მომხდარ მკვლელობაზე, არ აწვდიდნენ შესაბამისი დოზით ან საერთოდ არ აწვდიდნენ გამოძიებას საქმის შესახებ მონაცემებს, არ აძლევდნენ ჩვენებას საგამოძიებო დანაყოფებს. შესაბამისად, ეს არის ამ სისხლის სამართლის საქმის მთავარი პრობლემა.
არ სჭირდება ამას იურისტი და სპეციალური ცოდნა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ საქმის პირველ ტომებს გაეცნობა, დარწმუნდება, რომ ცალსახად ჩანს ამ საქმეში ართანამშრომლობის ფაქტები, საზოგადოების არჩართულობა და გამოძების ეტაპზე ეს იყო ამ სისხლის სამართლის საქმის უდიდესი და უმთავრესი გამოწვევა“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, შსს საქმეს ორი მიმართულებით იძიებს – დანაშაულის შეუტყობინებლობა და მოწმეებზე ზემოქმედება.
ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, დაიკითხება ყველა ადამიანი, ვინც შესაძლოა, ფლობდეს ინფორმაციას ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე.
„ჩავატარებთ ველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებას და დავხარჯავთ ყველანაირ რესურსს საგამოძიებო მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბორცვაძემ