ვლადიმერ ბორცვაძე - იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პატაკთან დაკავშირებით, პოლიციელმა იმოქმედა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პოლიციელის პატაკთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად იმოქმედა.
„ვინც იურისპრუდენციაში ერკვევა, იცის, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როგორ უნდა ჩაატაროს ისე საგამოძიებო მოქმედება, რომ ნივთმტკიცება არ განადგურდეს. ეს არის ვარაუდი, საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული. ეს არის სტანდარტული ვარაუდი, როდესაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, გამომძიებელი, ვარაუდობს, თუ დროულად არ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებას, შეიძლება, ის ნივთიერი მტკიცებულება განადგურდეს.
გამომძიებელმა ივარაუდა, რომ შესაძლებელია ეს მომხდარიყო, შეადგინა დოკუმენტი, ამოიღო ის ნივთები, რომლებიც მიაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებებისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაავრცელა.