ვლადიმერ ბორცვაძე - გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში, ხანძრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ, მცხეთაში მომხდარი ხანძრის შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. გუშინ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეული გაუფრთხილებლობა იყო. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები. ეს არის გამოძიების საგანი – ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაავრცელა.