ვლადიმერ ბორცვაძე - გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობა ამ ეტაპზე არ იკვეთება
გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობა, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არ იკვეთება, – ამის შესახებ შსს-ის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, მას შემდეგ, რაც ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, კვალიფიკაციას დაემატა ძალადობის მუხლი.
„რაც შეეხება ექსპერტიზის შედეგებს, მიმდინარეობს ექსპერტიზა, ექსპერტები მუშაობენ და ჯერ დასკვნა არ გვაქვს. ექსპერტიზა გასცემს კითხვებს პასუხს, თუ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი.
ჯერჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა ამ საქმეზე დაწყებული არ არის. თუ საქმეში შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობა“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.