ვლადიმერ ბორცვაძე - არ გამოვრიცხავთ, რომ თავდამსხმელი მედიით გავრცელებული ჩანაწერებიდან ვიღაცამ ამოიცნო და ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა
არ გამოვრიცხავთ, რომ თავდამსხმელი მედიით გავრცელებული ჩანაწერებიდან ვიღაცამ ამოიცნო და ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა, ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ სამძებრო ღონისძიებების დროს რაღაც ინფორმაციამ გაჟონა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა.
კითხვაზე, ხომ არ გაჟონა თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაციამ პოლიციიდან, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა:
„დავადასტურეთ, რომ არის იდენტიფიცირებული. თქვენ ფლობთ ინფორმაციას, რომ ამ ინფორმაციამ პოლიციიდან გაჟონა? გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია, თუ პროვოკაციულად მისვამთ შეკითხვას, მიზანმიმართულად? აბსურდია ეს ყველაფერი. მაშინ, როდესაც მედიასაშუალებებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ამ ადამიანის, ბოროტმოქმედის ფიზიკური აღნაგობა, ისმის მისი ხმა. არ გამოვრიცხავთ, რომ ვიღაცამ, ნებისმიერმა მოქალაქემ იგი ამოიცნო და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა. ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ სამძებრო ღონისძიებების დროს რაღაც ინფორმაცია გაიჟონა და აქედან გახდა ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებისთვის ცნობილი. მაგრამ ეს არის ვარაუდი“, – აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.