ვლადიმერ ბორცვაძე - ახალქალაქში სიტუაცია სტაბილურია, დაცულია საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ახალქალაქში პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მაოდგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომელიც ახალქალაქში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩავიდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ერთი პირი. რაც შეეხება საკუთრების დაზიანების საკითხს, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, აღნიშნულზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
„ახალქალაქში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1983წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდეგ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში და ახალქალაქში ჯგუფურ ძალადობას მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება. ამავე საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. დაშავებულია რამდენიმე პირი და ამ მიმართულებითაც გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება. მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება დააზიანეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს, გამოძიება დაიწყო ჯგუფური ძალადობის ფაქტზეც.