ვლადიმერ ბოჟაძე - ვერ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული, მაგრამ თამარ ჟვანია ფავორიტია
ბუნებრივია, ვერ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის ფავორიტი შესაძლოა, იყოს თამარ ჟვანია, რადგან ის დღესაც მოქმედი თავმჯდომარეა,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, დღეს ცესკო-ში გასაუბრებაზე იმ გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრებს, რაც ცესკო-ს წინაშე დგას.
„თამარ ჟვანია ხუთი წელი ხელმძღვანელობდა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას. ბევრი ადამიანი, მათ შორის კომისიაში მისი რეკომენდაციით არის მისული. აქედან გამომდინარე, თანაბრობაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. თუმცა დღეს კანდიდატებს გვაქვს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებთან გასაუბრება. გვექნება საშუალება, მათ გავაცნოთ ჩვენი ხედვები, ჩვენი გეგმები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რა და როგორ წარმოგვიდგენია რომ გაკეთდეს, რათა უფრო მაღალი ხარისხის არჩევნები ჩავატაროთ მომავალში. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ წინასწარ ყველაფერი გადაწყვეტილია. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდეთ სხდომის შედეგებს“,- განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, რეალურად, კანონმდებლობით უფრო რთულია გახდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ვიდრე თავმჯდომარე.
„არანაირი პროცედურები ამ თვალსაზრისით არ არსებობს გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს, კონსულტაციების საფუძველზე წარუდგინოს საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ აირჩიონ. მანამდე კანონმდებლობით განსაზღვრული იყო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ პოლიტიკური მდგენელი ირჩევდა თავმჯდომარეს და აქ იგულისხმებოდა ის, რომ ოპოზიციის მიერ კომისიაში დანიშნულ წევრებს უნდა აერჩია თავმჯდომარე, ანუ მაქსიმალურად მაღალი ნდობა უნდა ყოფილიყო.
ახლა პირველად არის, რომ თამარ ჟვანია პირველი თავმჯდომარეა, რომელმაც ხუთწლიანი ვადა მოიხადა, მეორე ის, რომ თამარი იქნება, თუ აირჩიეს, მეორე ვადით პირველი თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, კანონმდებელს ეს ხარვეზები არ გამოურიცხავს. სამომავლოდ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ კიდევ უფრო რთული იყოს ცესკო-ს თავმჯდომარეობა და კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია იყოს“,- განაცხადა ბოჟაძემ.
ბოჟაძე საარჩევნო სისტემაში პრობლემებზე საუბრობს.
„საარჩევნო სისტემაში არის ორი ძირითადი პრობლემა. ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს არ აქვს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონული წესით მიიღონ.
ძალიან სერიოზული პრობლემა არის ამ თვალსაზრისით ამომრჩევლის იდენტიფიცირება და შესაძლოა, საარჩევნო უბნებზე დამონტაჟდეს სპეციალური ტექნოლოგიები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სომხეთში, როცა თითის ანაბეჭდით ხდება ერთიან სისტემაში ამომრჩევლის იდენტიფიცირება და ამან შესაძლოა, ჩაანაცვლოს მარკირების სისტემა.
ყველაზე მთავარი და მტკივნეული საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დაბალი დონე. თქვენ იცით, რომ საჩივრების უმეტესობა სწორედ პროცედურული დარღვევის გამო იწერება. აქედან გამომდინარე, ერთი მიმართულება იქნება, რომ ახლავე შემოვიღოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერთიფიცირება, რომელიც სავალდებულო არ იქნება მომავალი ექვსი წლის განმავლობაში, თუმცა მუდმივ რეჟიმში საოლქო საარჩევნო კომისიაში საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მივიდნენ, გაიარონ ტესტირება და აიღონ სერთიფიკატი“,- განაცხადა ბოჟაძემ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.