ვლადიმერ ბოჟაძე - ცესკო-ს თავმჯდომარეობის დასახელებულ კანდიდატებს შორის შანსები თანაბარი არ არის, ბუნებრივია, ფავორიტი თამარ ჟვანიაა
თამარ ჟვანია ხუთი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა იმ ადამიანებთან, ვინც მას მხარი უნდა დაუჭირონ და ბუნებრივია, ფავორიტი არის თამარ ჟვანია, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელებულმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დასახელებულ კანდიდატებს შორის შანსები თანაბარი არ არის, რადგან თამარ ჟვანია ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარეა.
„დასახელდა ოთხი კანდიდატურა, მათ შორის, თამარ ჟვანიას, გიორგი ჯავახიშვილის, მარიამ შელეგიასა და ჩემი კანდიდატურები, თუმცა აქვე ითქვა, რომ გიორგი ჯავახიშვილი თავად არ გეგმავს ამ პროცესში ჩართვას. ბუნებრივია, პრეზიდენტი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც იცით, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მან სამი კანდიდატურა უნდა წარადგინოს ცესკო-ში. თავად სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მას კანდიდატურა არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, მან მოუსმინა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ჩაინიშნა მათი პოზიციები და სავარაუდოდ ამ ოთხი დასახელებული კანდიდატიდან წარადგენს ცესკო-ში“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
კითხვაზე, რამდენად არის მზად ცესკო-ს თავმჯდომარის პასუხისმგებლობისთვის, ვლადიმერ ბოჟაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც, მისი აზრით, საარჩევნო ადმინისტრაციაშია შესაცვლელი.
„საარჩევნო ადმინიტრაციის მხარეს სწორედ ნაკლები კრიტიკა იყო, თუმცა ყველა რეკომენდაცია საერთშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩემი მოსაზრება არის, რომ ჩვენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იქნებ შევძლოთ, ე.წ. ბლოქჩეინის ტექნოლოგიები გამოვიყენოთ, ელექტრონული ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უჭირთ სხვადასხვა დედაქალაქებში ჩასვლა და ხმის მიცემა. ასევე იცით, რომ დაახლოებით 600 000-ზე მეტი ამომრჩეველია საქართველოში, რომლებსაც აქვთ სხვა იურიდიული მისამართი, სხვაგან ცხოვრობენ და აქვთ პრობლემა, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ყველაზე მთავარია საუბნო საარჩევნო კომისიების კვალიფიკაციის საკითხი“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობოებმა სალომე ზურაბიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე, თამარ ჟვანიას გარდა, კიდევ სამი კანდიდატურა შესთავაზეს.