ვიზალიბერალიზაციის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით რომსა და ქუთაისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა
დღეიდან ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. რეისებს კვირაში ორი სიხშირით ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz air) ასრულებს.
პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი რომიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხუთი წლის თავზე შესრულდა. განახლებული რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა.
ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციული საჩუქრები დაურიგდათ.
„ორწლიანი პაუზის შემდეგ რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება საგანგებოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების ხუთი წლისთავს დავამთხვიეთ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან კონსულტაციების შედეგად, აღდგა საქართველოს მოქალაქეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება რომი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, იტალიაში მცხოვრები ჩვენი დიასპორისთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ რჩება „ფანჯარად ევროპაში“ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიზალიბერალიზაციის შედეგად, ევროპაში ჩვენი მოქალაქეების მილიონ-ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა და მნიშვნელოვანი მათგანი სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა. იმედი მაქვს, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, – – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.
საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში გამგზვრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეუძლიათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ფორმა(PLF) https://app.euplf.eu/#/ კოვიდპასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერტიფიკატი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, სადაც იტალიის დედაქალაქში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი.