„ვივამედში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებო
„ვივამედის“ ექიმის, თამარ ჭანტურიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა.
როგორც ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს, როგორც დედამისი, გიული ალასანია აღნიშნავს, გუშინ ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, თუმცა როდესაც მასთან ექთანი იყო, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„მიხეილ სააკაშვილთან სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ საყურადღებო. აღენიშნება სისუსტე, თავბრუს ხვევა, წამოდგომისას წონასწორობის დაკარგვა. სიცხე გუშინ, დღის მანძილზე 37 იყო მაქსიმალური. რაც შეეხება წნევას, გონების დაკარგვის შემდეგ, როგორც აღნიშნეს, ჰქონდა 90/60-ზე, შემდეგ უკვე 130/90-ზე. დედამისისა და პაციენტის გადმოცემით, სავარძლიდან წამოდგომისას ჰქონდა გონების დაკარგვა და დავარდა. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც გადადიოდა სავარძლიდან საწოლისკენ ექთანზე დაყრდნობით, ჩაიმუხლა და გონების კარგვა არ ჰქონია, როგორც კი შევედით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატური იყო, აღენიშნებოდა თავბრუსხვევაც. ექთანი არ აღნიშნავს, რომ გონების კარგვა იყო, უბრალოდ ჩაიკეცა და შემდეგ ბადრაგის დახმარებით საწოლამდე მიიყვანეს. გონების კარგვა მეორეჯერ არ ყოფილა. პირველად ექთანი არ ყოფილა მასთან, როგორც აღნიშნეს, გონების დაკარგვისას პალატაში იყვნენ დედამისი და თვითონ პაციენტი. მე პირადად გონებაზე დამხვდა პაციენტი, კონტაქტური და ადეკვატური იყო, უბრალოდ, ძლიერი სისუსტე ჰქონდა და თავბრუსხვევა. შესაბამისად, შეფასდა ნევროლოგის მიერ და გამოირიცხა თავის დარტყმა, ეს არ ყოფილა“, – განაცხადა ჭანტურიამ.