„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პარამეტრებიდან გამომდინარე, მისი რეანიმაციაში გადაყვანა საჭირო არ არის
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება.
როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის პარამეტრები არ არის შესაბამისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად.
„პაციენტი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან მისი პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ გადაყვანილი იყოს რეანიმაციულ განყოფილებაში. არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება კვებას, ამაზე ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მასთან საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღე შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რაც შეეხება ზონდით კვებას, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი, თუ ადამიანს, ნებისმიერ პაციენტს აქვს გულისრევა, ღებინების შეგრძნება საკვების მიღების პროცესში, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთანვე შეთანხმებით და არა იძულებითი წესით“, – განაცხადა ჩხაიძემ.