„ვივამედის“ დირექტორი აცხადებს, რომ სააკაშვილს უტარდება კლინიკური კვლევები და დასკვნას პაციენტის ნებართვის საფუძველზე გაასაჯაროებენ
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უტარდება კლინიკური კვლევები და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები მუშაობენ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა როდესაც ექნებათ, პაციენტის ნებართვის საფუძველზე გაასაჯაროებენ.
„ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ჩვენთვის უპირველესი. მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ არის – არ ავნო. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ. მით უმეტეს თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, მუშაობენ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები, დაიდება. პაციენტის უშუალო ნებართვით, გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
ამასთან, ნინო ნადირაძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადება, სადაც ალასანია ამბობს: „ვივამედში“ კარგი პირობებია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. სააკაშვილს ცხრა დიაგნოზი აქვს უკვე დასმული, საჭიროა აქედან გაყვანა“.
ნადირაძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“ საკმაოდ მძიმე პაციენტებს გაუვლიათ მკურნალობა და დღესაც მკურნალობენ. მისივე თქმით, არც ერთი დაავადების მკურნალობა კლინიკისთვის უცხო არ არის.
„ქალბატონმა გიულიმ რა თქვა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ნუზოლოგიის. ჩვენთვის უცხო არ არის არც ერთი დაავადების მკურნალობა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.