ვიტოლდ ვაშიკოვსკი - დროა, გადავაფასოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, გვჭირდება ახალი სტრატეგია, რომელიც დიფერენცირებულ მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს
კომუნიზმის დამარცხებიდან 30 წლის შემდეგ თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი ევროპის პროექტი არ არის სრულად განხორციელებული, – ამის შესახებ ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე გამართულ დებატებზე პოლონელმა ევროპარლამენტარმა, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის“ წევრმა, ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არის ქვეყნებისა და კანდიდატების გრძელი სია, რომლებსაც ამ პროექტში მონაწილეობა სურთ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან 10 წლის შემდეგ დროა, გადავაფასოთ ეს ინიციატივა. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინიციატივა და ახალი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს დიფერენცირებულ მიდგომას, რომელსაც შედეგად უნდა მოჰყვეს გაფართოება. დიახ, გაფართოება. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამ ტერმინის, ეს არის ევროპული საგარეო პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ვიტოლდ ვაშიკოვსკის შეფასებით, წევრობის შორეული პერსპექტივაც კი არის ძლიერი იარაღი მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის სამეზობლოში.
„წევრობა რეფორმების დამაჩქარებელია. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან განსხვავებით, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ღია ევროპა და ვიყოთ მზად ახალი წევრების მისაღებად“, – განაცხადა დებატებზე პოლონელმა ევროპარლამენტარმა, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“ წევრმა, ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ.