საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე ამ დროისთვის დაშავებულებისა და დაღუპულების ახლობლები არიან შეკრებილი.
პარალელურად, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. გამოკითხულთა შორის იქნება 49 წლის მამაკაცის შვილი, რომელმაც სროლის დროს სახლის დატოვება შეძლო.
გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ჟურნალისტებთან კომენტარში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნებიდან ისროდა. ასევე თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანასაც გაუხსნა ცეცხლი.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.